კარლოს მიქელენა
კარლოს ალბერტო მიჩელენა სორია, ცნობილი როგორც „ელ მიჩე“, ეკვადორელი მსახიობი, კომიკოსი, კარიკატურისტი და იუმორისტია, რომელიც ეკვადორის ქუჩის თეატრის ერთ-ერთ ყველაზე წარმომადგენლობით ფიგურად ითვლება. მისი ხანგრძლივი კარიერა აერთიანებს პოლიტიკურ სატირას, სოციალურ იუმორს და უთანასწორობის კრიტიკას. იგი დაიბადა კიტოში 1954 წლის 5 იანვარს ღარიბ ოჯახში: მამა მეწაღე იყო, დედა კი ქუჩაში ტკბილეულსა და გაზეთებს ყიდდა, ბავშვობაში თავადაც ტკბილეულის გაყიდვით ეხმარებოდა ოჯახს. დაწყებითი განათლება Colegio Simón Bolívar-ში მიიღო, მაგრამ საშუალო სკოლა არ დაუმთავრებია. თეატრით ათი წლის ასაკში დაინტერესდა, როცა კიტოს ელ დორადოს უბნის კლუბში ფირფიტების თანხლებით პანტომიმას ასრულებდა. თხუთმეტი წლისამ, დედის წახალისებით, თავისუფალ მსმენელად დაიწყო სიარული Casa de la Cultura Ecuatoriana-ს დრამატულ სკოლაში, შემდეგ კი რეკვიზიტორის თანაშემწედ მუშაობდა დასში Teatro Ensayo, სადაც პირველი როლი მიიღო ხორხე იკასას რომანის მიხედვით დადგმულ Huasipungo-ში. თვრამეტი წლისამ Casa de la Cultura-ს თეატრალურ სკოლაში დაიწყო მსახიობის კარიერა, რეჟისორ ანტონიო ორდონიესთან ისწავლა და Teatro Ensayo-სთან ერთად ითამაშა ისეთ პიესებში, როგორებიცაა Boletín y elegía de las mitas, Dos viejos pánicos და El médico a palos. მოგვიანებით შეუერთდა ეროვნული პოლიტექნიკური სკოლის დასს Ollantay და ჯგუფს Malayerba, ასევე ხელმძღვანელობდა Teatro de la Calle-ს, რომელსაც სპექტაკლები მოედნებსა და პარკებში გაჰქონდა. 1980-იანი წლებიდან მისი სცენაა კიტოს პარკი ელ ეხიდო, სადაც თეთრად შეღებილი სახით და საკუთარი ხელით შეკერილ კოსტიუმებში ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებულ პერსონაჟებს ასახიერებს — მეზობლებიდან, მუშებიდან და ქუჩის მოვაჭრეებიდან პოლიტიკოსებამდე და ძლიერთა ამა ქვეყნისა — და ირონიით აფიქრებს მაყურებელს. პრესამ ელ მიჩე აღწერა როგორც პოლიტიკური მასხარისა და ხალხური მემატიანის ნაზავი. მუშაობდა ტელევიზიაში, რადიოსა და ინტერნეტშიც. 2011 წელს მან წარმოადგინა საცირკო შოუ El circo del Miche, რომელიც სამი კვირა მიდიოდა Carpa Teatro-ში, ხოლო 2019 წელს გუაიაკილის Teatro Centro de Arte-ში წარადგინა El toque del Miche. მას ღია სივრცეები ურჩევნია, სადაც შეუძლია იმპროვიზაცია გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, და ერიდება ორაზროვან იუმორს. 2003 წელს Casa de la Cultura Ecuatoriana-მ მას მხატვრული ღვაწლის ორდენი მიანიჭა.